top of page

ნატურალური ცქრიალა ღვინო - ოფოფი. ღვინო დამზადებულია ჩვენს ვენახში დაკრეფილი ციცქისა და ძელშავის ყურძნისგან, 50/50 პროპორციით.

ფერი: როზე

მოსავლის წელი: 2024წ.

ალკ: 13.5%

 

შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა: 10-15 გრადუსი ცელსიუსით;

მირთმევის რეკომენდებული ტემპერატურა: 7-8 გრადუსი ცელსიუსით;

 

ოფოფი

GEL35.00Price
Quantity
  • შეკვეთის მიწოდება უფასოა, თუ შეიძენთ არანაკლებ ნებისმიერ 3 ბოთლ ღვინოს. სხვა შემთხვევაში შეკვეთის მიწოდების საფასურია 10 ლარი.

    მიწოდება წარმოებს მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

  • ცქრიალა ღვინო "ოფოფი" დასაყენებლად ყურძენი დაკრეფილია 85 წელზე ასაკოვან ვენახში, სადაც ციცქა, ცოლიკოური და ძელშავი ერთადაა გაშენებული. ვენახს მარგალიტასოულს ვეძახით (მარგალიტა ბებია ჩვენი ბაბუის ბიძაშვილის ცოლი იყო) და მთელი ბავშვობა ამ ვენახთან გვაქვს გატარებული. 2019 წლიდან ეს ვენახი იჯარით გვაქვს და ჩვენ ვუვლით.

    ვენახი 2024 წელს თებერვალში გავსხალით. ვენახი ნეკზე ისხვლება, კორდონულად, რაც გვეხმარება ნაკლები, მაგრამ მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებაში. ვენახში არ შეგვაქვს მინერალური სასუქები. კატეგორიულად არ ვიყენებთ სისტემურ პრეპერატებსა და ჰერბიციდებს, ვიცავთ “ბუნებრივი ღვინის ასოციაციის” მიერ დადგენილ ნორმებს, ვიყენებთ მხოლოდ "ბიოაგროს" პრეპარატებს და ვექნემდებარებით ასოციაციის ინსპექტირებას.

    ვენახს ვწამლობთ ამინდის მიხედვით და არა კალენდარულად. რთველამდე 1.5 თვით ადრე საერთოდ უარს ვამბობთ წამლობაზე (ბოლოს ვენახს ივლისის ბოლოს ვუაქიმეთ). ვენახში, აგვისტოს დასაწყისში ვატარებთ ხოლმე მწვანე რთველს, ანუ თუ ვაზი გადატვირთულია, მკვახე მტევნებს წინასწარ ვაცლით. ასე უკეთესი ხარისხის ყურძენს ვიღებთ. წელს ეს არ დაგვჭვირვებია.

    რთველს შერჩევითად ვატარებთ - ძირითად რთველამდე 2-3 დღით ადრე, ცალკე ვკრეფთ ნაკლებხარისხიან ან დაზიანებულ მტევნებს.

    2024 წელს რთველი ადრიანად გვქონდა - სექტემბრის შუა რიცხვებში.

    დაკრეფილ ძელშავისა და ციცქას ყურძენს კლერტს ვაცლით, დურდო წნეხში გადაგვაქვს, ხოლო წვენს პირდაპირ საზედაო ჭურში ვასხამთ. ჭაჭანაჭამი ჭუკის ცქრიალა ღვინო 50/50-ზე ძელშავი და ციცქაა.

    სანამ დუღილზე გადავალთ, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჭურების სარეცხად არ ვიყენებთ ქიმიურ საშუალებებს, ვიყენებთ მხოლოდ კირწყალსა და ლიმონმჟავას, ხოლო სტერილიზაციისთვის - გოგირდს (K2S2O5).

    ჭურში დუღილი სპონტანურად იწყება, ველურ საფუარზე. ვცდილობთ დუღილი დაბალ ტემპერატურაზე წარიმართოს და დროში გაიწელოს. 18 დღე გაგრძელდა ამ ღვინის დუღილი, სანამ ღვინის სიმკვრივე 1008-ს არ მიუახლოვდა (შაქარი 21გრ/ლ) და 21 გრადუსს ცელსიუსით არ აცდენია ტემპერატურა. ამ მომენტისთვის მაჭარი ცქრიალა ღვინის ბოთლებში გადაგვაქვს და გვირგვინიან საცობს ვუკეთებთ, რათა დუღილი ბოთლშივე დაასრულოს და წარმოქმნილი გაზის ხარჯზე ცქრიალა დარჩეს.

    ბოთლებს სპეციალურ თაროებზე ვათავსებთ და კვირაში ერთხელ მსუბუქად ვამღვრევთ, ლექიდან არომატებმა ღვინოში რომ გადაინაცვლოს. დეკემბრის ბოლოდან ღვინოს პიუპიტრზე გადავაწყობთ და ნელი ბრუნვითა და ყელისკენ დახრით ვუბიძგებთ ლექი ბოთლის თავში წავდიეს (რემუაჟი). ამ დროს მარნის კარს ღიას ვტოვებთ, ღვინოებმა ზამთრის სუსხი რომ იგრძნონ და ამით გამოლექვას დავეხმაროთ.

    როდესაც ბოთლის ყელში ლექი დაგროვდება, ახლა მისი ბოთლიდან გამოტანის დრო დგება. ამისთვის სპეციალურ მაცივარში ბოთლს თავს ვუყინავთ და როდესაც ბოთლის თავს ვხსნით, ღვინოში დაგრვებული გაზი გაყინულ ლექს გარეთ საცობივით გამოისვრის (დეგორჟაჟი). კარგი გასართობია, ოღონდ საყურებლად. ღვინოების ნაწილზე ამას იანვარში ვაკეთებთ, ნაწილს კი მოგვიანებით. ღვინოს არ ვამატებთ გოგირდს.

    ამის შემდეგ ჩვენი ნატურალური ცქრიალა ღვინო (პეტნატი) მზადაა თქვენთან შესახვედრად. არომატები და გემოები მინდვრის მარწყვი, სხმარტლი, ტროპიკული ხილი.

    რაოდენობა: 500 ბოთლი
     

    რატომ ოფოფი? როდესაც მარანში გვესტუმრებით, ვეცდებით ჩვენი სოფლის მკვიდრი ოფოფები გაგაცნოთ.

    bottom of page