მოკლედ ჩვენს შესახებ
მშვენიერაძის მარანი პატარა, საოჯახო მეღვინეობაა. ჩვენი მარანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აჯამეთის ტყე, რომელიც სოფელს სამხრეთიდან აკრავს, არსებით გავლენას ახდენს მოქმედებს მის ჰავასა და ტერუარზე. ცხენთარო ქუთაისიდან, ბაღდათიდან და ზესტაფონიდან 25 კმ-ით არის დაშორებული. ცხენთარო, როგორც გამორჩეული ღვინის მწარმოებელი სოფელი, XIX საუკუნიდან ჩნდება იმერეთის მარნების რუკაზე. ძნელი სათქმელია, რა იყო მანამდე. ჩვენი წინაპრები, როგორც სოფლის ყველა სხვა ოჯახი, ღვინოს „ჭურში“ (ასე ვუწოდებთ იმერეთში ქვევრს) ამზადებდნენ. იმერეთში მეღვინეობა ევროპული და კახური მეღვინეობის ტრადიციებს შორისაა - ღვინოს 30%-მდე ჭაჭასთან ერთად ვაყენებთ.
როგორია ჩვენი ღვინო? - ჩვენ ვფიქრობთ რომ ღვინო მის დამყენებელს ჰგავს.
ჭურისთავი
„ჭურისთავი“ - ასე ვუწოდებთ იმერეთში მარანს, რომელიც ძირითადად ღია ცის ქვეშაა. ჩვენი ჭურისთავიც ღია ტიპის იყო, კომშის ჩრდილში. თუმცა, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ჭურისთავზე შენპბა აგვეშენებინა, რათა ღვინის მოვლისა და დაძველების პროცესი გაგვადვილებოდა.
ვენახი
ჩვენი ვენახი დიდი არ არის - დაახლოებით 2 ჰა-ია და მისი ერთი ნაწილი უკვე 80 წელზე დიდი ხნისაა. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებიდან ჩვენს ვენახებში შეხვდებით ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას, ხოლო წითელი ჯიშის ყურძნიდან ძელშავს, მგალობლშვილსა და ოცხანური საფერეს. ჩვენ ვზრუნავთ ვენახზე ისევე, როგორც ჩვენი წინაპრები, არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებსა და ჰერბიციდებს, და ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ მის ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას.
მოსავალი
რთველი ჩვეულებრივ ოქტომბრის დასაწყისში გვაქვს. რთველი შერჩევით იმართება. დაკრეფილ ყურძენი დაყოვნების გარეშე მარანში მიგვაქვს, დაწურვის შემდეგ კი ყურძნის წვენს პირდაპირ ჭურებში ვათავსებთ დასადუღებლად.
დუღილი
თეთრ ღვინოს, ჩვეულებრივ, იმერული ტრადიციების მიხედვით ვაყენებთ. ერთ ვენახში მოკრეფილ ციცქა-ცოლიკოურს 30% ჭაჭასთან ერთად ჭურში ვაყენებთ. გამონაკლისია ხოლმე ცოლიკოური, რომელიც 100% ჭაჭასთან ერთად რჩება ჭურში. ღვინოს ჭაჭასტან ერთად მინიმუმ 6 თვით ვტოვებთ. დუღილი ველურ საფუარზე, სპონტანურად წარიმართება და მასში ფაქტობრივად არ ვერევით. ჩვენ ჩვეულებრივ მაისში ვაცალკევებთ ღვინოს ჭაჭისგან და გადავიტანთ სხვა ჭურებში, სადაც ის აგრძელებს დავარგებას, სანამ საბოლოოდ არ დასტაბილურდება. თეთრი ღვინის ნაწილს ამი შემდეგ მუხის კასრში ვათავსებთ.
რაც შეეხება წითელ ღვინოს, გამოწურვის შემდეგ წვენი რჩება სრულ ჭაჭაზე დუღილის დასრულებამდე. მალოლაქტური დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინოს აცალკევებენ სქელი ფენისგან და სტაბილიზაციისთვის გადააქვთ სხვა ჭურში. სტაბილიზებული ღვინოები ჩამოსხმულია. ასე გამოიყურება ჩვენი მართალი ღვინის დაბადებისა და ზრდის პროცესი.
ბუნებრივი ღვინის ასოციაცია
ჩვენ ვართ ბინებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. ასოციაცია წარმოადგენს მევენახე-მეღვინეთა გაერთიანებას, რომლებიც მხოლოდ ორგანული (ე.წ. ბიო ან ბიოდინამიკური) მევენახეობითა და ნატურალური მეღვინეობით არიან დაკავებულნი. ნატურალური ღვინის ასოციაცია დაარსდა 2017 წლის თებერვალში თბილისში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
ბუნებრივი ღვინო ნიშნავს, რომ ყურძნის მწარმოებელი/მეღვინე:
1. აშენებს და უვლის ვენახს ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად; ზრუნავს გარემოზე და მაქსიმალურად ცდილობს ვენახის შიგნით შექმნას თვითმდგრადი ეკო სისტემა.
2. ღვინის დაყენებისას არ იყენებს მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ არსებითად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები.
3. აცნობიერებს ტერუარის პრიორიტეტულ როლს ღვინის წარმოების პროცესში და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების აქცენტირებას.
4. გამოყენებული ეტიკეტი უნდა იყოს მართალი და სრულად ასახავდეს ღვინის წარმოშობას.
ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბუნებრივი მევენახეობა/მეღვინეობის განვითარებას, რითაც ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ვენახები და ეკოსისტემები.
ასოციაცია გასცემს ნიშანს (ასოციაციის ლოგო), რომელიც ადასტურებს, რომ მარანი მუშაობს ორგანულ მევენახეობა-ნატურალურ მეღვინეობაში და სრულად შეესაბამება ასოციაციის მიერ დადგენილ წესებს.
და ბოლოს...
ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილების გაზიარება. სტუმრებს ძირითადად ადგილობრივი პროდუქციით ვუმასპინძლდებით - რაც აქ ხარობს, მზადდება ან ცხვება - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატურალური სოფლის პროდუქტებით.
მოხარული ვიქნებით დაგათვალიერებინოთ ჩვენი ვენახი, აგიხსნათ როგორ ვუვლით მას, გასწავლოთ ჭურის რეცხვა ან ჩაგრთოთ მეღვინეობის პროცესში. გაგასინჯოთ ღვინო ჯერ კიდევ ჩამოსხმამდე, ჭურიდა ან კასრიდან და ა.შ. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - სოფელში ყოველთვის ბევრი საინტერესო რამ არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ჩაგრთავთ ჩვენს ყოველდღიურ ფერხულში და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.